მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს
29 იანვარი 2020დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც დღეს სახალმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სადისკუსიო პანელის ფორმატში, ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სამნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე ხელი უკვე მოწერილია და ეს თანხა, ძირითადად, საერთაშორისო მაგისტრალების განვითარებას მოხმარდება. ეს აუცილებელია საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და მთლიანად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ვცდილობთ ყველა რეგიონი იყოს თანაბრად განვითარებული, ამიტომაც ინვესტირებას ვდებთ საბაზისო ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტია წყალმომარაგების სისტემები. თანდათანობით ვცდილობთ ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას. უკვე დავამთავრეთ ქუთაისის და ზუგდიდის წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა, რის შედეგადაც 200 000-ზე მეტ ბენეფიციარს ექნება 24-საათიანი ხარისხიანი სასმელი წყალი. მხოლოდ ამ ორ პროექტს მოხმარდა 200 მილიონი ლარი, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ფინანსური რესურსი კი - შეზღუდული. ამიტომ, მომავალშიც ვიმედოვნებთ თქვენს მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს,“ - მიმართა მაია ცქიტიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში წყლის სექტორში არსებული მთავარი გამოწვევების სრულად მოგვარება იგეგმება და ამ მიზნის მიღწევას, განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტირება დასჭირდება.
„ყურადღება მინდა გავამახვილო ურბანული განახლების პროექტებზე. შარშან დავიწყეთ აბასთუმნის, წყალტუბოს და კიდევ რამდენიმე კურორტის განახლების პროექტი და ამ მიმართულებითაც თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ასევე, ერთ-ერთი მნიშნელოვანი პრიორიტეტია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენმა სამინისტრომ უკვე დაიწო ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, ამისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 220 მილიონ ლარზე მეტი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.